საერთაშორისო კონფერენცია “მიკრობთა ვირუსები”
საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია 2023 წ 3-7 ივლისს ატარებს საერთაშორისო კონფერენციას მიკრობთა ვირუსები (Viruses of Microbes).
კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან: გიორგი ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციის პარტნიორი ორგანიზაციებია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ევროპის მიკრობიოლოგიური საზოგადოებების ფედერაცია (FEMS), საერTაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრი (ISTC), საფრანგეთის საელჩო საქართველოში და სხვა.
Viruses of Microbes კონფერენციების სერიას საფუძველი ჩაეყარა 2010 წელს პარიზის პასტერის ინსტიტუტში აკადემიკოს დავით ფრანგიშვილის ინიციატივით, რომელიც იმ პერიოდში საფრანგეთში მოღვაწეობდა. შემდგომში ეს კონფერენცია ტრადიციული გახდა და რეგულარულად ტარდებოდა 2 წელიწადში ერთხელ ევრიპის სხვადახვა ქალაქებში, კერძოდ ბრუსელში (2012), ციურიხში (2014), ლივერპულში (2016), ვროცლავში (2018) და 2020 წელს დაგეგმილი კონფერენცია პანდემიის გამო გადაიდო და ჩატარდა გიუმარესში (2022).
2023 წელს Viruses of Microbes პირველად ჩატარდება საქართველოში, რომელსაც სათავეში კვლავ აკადემიკოსი დავით ფრანგიშვილი უდგას. ამ სერიის კონფერენციები ჩვეულებრივად იკრებს 500-მდე მონაწილეს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.
კონფერენციის მიზანია ბაქტერიების ვირუსების (ბაქტერიოფაგების), არქეების და ევკარიოტული მიკროორგანიზმების ვირუსების შესახებ მიმდინარე კვლევების ყოვლისმომცველი წარმოდგენა და ახალი კვლევითი მიმართულებების ხელშეწყობა. თბილისის კონფერენცია მიეძღვნება გ. ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების 100 წლისთავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბოლო დროის მიღწევებს ინსტიტუტისთვის ტრადიციული ბაქტერიოფაგების კვლევის სფეროებში, მაგ. ბაქტერიული ვირუსების სხვადასხვა სახით გამოყენებას, როგორიცაა: ადამიანის, ცხოველების და მცენარეების დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და თერაპია. სპეციალური სესიები დაეთმობა აგრეთვე: ა) გარემოს ვირუსოლოგიას, ვირუსების როლს სხვადასხვა მიკრობულ თანასაზოგადოებაში, ვირუსულ მეტაგენომებს; ბ) მიკრობული ვირუსების მიერ კოდირებულ ფერმენტებს; გ) მიკრობული ვირუსების გამოყენებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებსა და მარეგულირებელ პრობლემებს; დ) ვირუსების ევოლუციას; ე) ბაქტერიულ და არქალურ მობილომებს; ვ) სოკოვან, წყალმცენარეთა, პროტოზოულ ვირუსებსა და ვიროფაგებს.
კონფერეციის ფარგლებში გაიმართება აგრეთვე სასტენდო მოხსენებები, მრგვალი მაგიდები, დისკუსიები, დაჯილდოვებები და სხვადასხვა სახის სოციალური აქტივობები.
ამჟამად უკვე მიმდინარეობს კონფერენციაზე რეგისტრაცია და თეზისების წარდგენა. მეტი ინფორმაციისათვის მიმართეთ: www,vom2023.org
კონფერენციის ქართველ მონაწილეებზე ვრცელდება სპეციალური ფასდაკლება ხოლო წევრებზე დამატებით 25%-იანი ფასდაკლება.
სტატუსი | სარეგისტრაციო თანხა | GAGAM წევრისთვის |
მეცნიერი | 350 ლარი | 250 ლარი |
სტუდენტი | 70 ლარი | 50 ლარი |
სარეგისტრაციო შენატანი უნდა გადახდილ იქნეს საბანკო გადარიცხვის სახით შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია
საიდენტიფიკაციო კოდი: 405 272 869
მისამართი: ქ.თბილისი, გოთუას N3
ტელ: 238 10 68
ვებ-გვერდი: gagam.ge
ბანკი: სს თიბისი ბანკი
SWIFT CODE: TBCBGE22
ა/ა: GE79TB7911836020100001
სარეგისტრაციო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კონფერენციაზე რეგისტრირებულად არ ჩაითვლება.